მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შესატანად პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია “AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება “A2” ქვეკატეგორიაც. ეს ქვეკატეგორია მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

ამავე პროექტით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს. მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოგიწევთ.

ამავე კანონმდებლობით განისაზღვრება რომ 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს ეკრძალებათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.