“მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს”- გოცირიძე

„შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას.

მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობაა.

ოპოზიციონერი დეპუტატი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

„მორატორიუმის გამოცხადება არაფერს შველის. პირიქით, ეს არის საკუთარი მოვალეობისგან გაქცევა. მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განახორციელოს შეწყალება, ოღონდ სამართლიანად, კანონის და შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადება არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობა. მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს სამ მკვლელს, მათ შორის პირს, რომელსაც ერთი დღითაც კი არ მოუხდია სასჯელი და ის არის ძებნილი ადამიანი, ეს, ალბათ, შეწყალების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამ შემთხვევებში აშკარად იკვეთება კორუფციის ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებაში შეიმჩნევა დანაშაულის ნიშნები, შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. თუკი პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვლავ მფარველობს ის ადამიანი, რომელმაც იგი პრეზიდენტად დასვა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გამოძიებაზე ზემოქმედება შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი გამოძიებული იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.