“მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს” – ადვოკატი

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა – მორის  მაჩალიკაშვილმა, სუსის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან სამართალდამცავებს კითხვები ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა გააკეთა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმის მასალები  გასაიდუმლოებულია და მას  მცირე  ინფორმაცია აქვს,თუმცა აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი მორის მაჩალიკაშვილის დაკავების, არ არსებობს.

„ღიად შემიძლია, განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი, არ არსებობს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს.

„იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა, ერთი საათით შეიძლება, მოვიდეს,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სუსმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადებაში და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მის ძმისშვილთან ერთად, ტერორისტულ აქტს გეგმავდა, კონკრეტულად კი მათ სოსო გოგაშვილის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინათ.