მოსახლეობა დიღმის ტყეპარკში მშენებლობას აპროტესტებს

დიღმის ტყეპარკში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები აქ მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელსაც კომპანია “ანაგი“ გემავს. ისინი ამბობენ, რომ ტყეპარკში 2000 კაცზე გათვლილი რესტორნის ჩადგმა იგეგმება, რომელიც მთელი დიღმის ტყე პარკს გადააქცევს ამ რესტორნის უკანა ეზოდ და ეს  ტყეპარკის დაღუპვა იქნება, რომელიც თბილისში შემორჩენილი ერთადერთი ტყე პარკია და ადგილობრივი მოსახლეობა მას ყოველდღიურად მოიხმარს.

დიღმის ტყე პარკის ტერიტორია ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა და 75 ჰექტრიდან საზოგადოებრივ სარგებლობაში მხოლოდ 20 ჰექტარია დარჩენილი.წლების მანძილზე ტერიტორია კერძო ნაკვეთებად გაიყიდა და სხვადასხვა შენობები აშენდა.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობდა, რომ ის იყო გარანტორი იმისა, რომ ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი აშენდებოდა. კახა კალაძე დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 ნაკვეთია  გაყიდული, მაგრამ  ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს ლადშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა..თუმცა ერთი წლის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე თვითონვე წარადგინა მრავალფუნქციური შენობის პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მერიამ 13000 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორიას სტატუსი შეუცვალა და საზოგადოებრივ–სქამიანი ზონის სტატუსი მიანიჭა მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად. თუმცა კახა კალაძის თქმით, მათი მხრიდან ზონის ცვლილება არ განხორციელებულა.
მერიის ინფორმაციით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ შპს „ანაგის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. შეთანხმება ნაკვეთზე, სადაც „კიას“ ავტოსალონი და ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებდა, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეის“ მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენდა, ისეთი ფუნქციისა და იერ-სახის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება და მასთან ერთად, არეალის საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. „ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება.“– აცხადებს მერია.

თუმცა ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მშენებლობას არ დაუშვებენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ მერიაში პეტიციაც შეიტანეს, რომელსაც ხელს 5 000 ადამიანი აწერდა.