მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება- Edison Research

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის თებერვალში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 27% ფიქრობს, რომ სწორი.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მოსახლეობის 89%-ს აქვს, ხოლო ნატოს მიმართ 84%-ს. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მოსახლეობის 65%-ს აქვს, სომხეთის მიმართ 62%-ს, თურქეთის- 60%, რუსეთის კი 35%-ს.

გამოკითხულთა 84% მცდარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებას. გამოკითხულთა უმეტესობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში მთავარ ინვესტორად აშშ-ს (64%) და ევროპას (65%) ისურვებდა. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 11% ასახელებს რუსეთს.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ინფორმაციით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.