კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა-საქართველომ“ (CRRC – საქართველომ) საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 80%-ს მიაჩნია, რომ ქალისთვის სიგარეტის მოწევა არასდროსაა მისაღები.
ასევე, კითხვაზე, რომელი ასაკიდანაა მისაღები ქალისთვის სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ქორწინებამდე, 63% ფიქრობს, რომ არასდროს.
გარდა ამისა, მოსახლეობის 55%-ს მიაჩნია, რომ ქალისთვის ძლიერი ალკოჰოლური სასმელის დალევა მისაღები არასდროს არის.
„CRRC – საქართველო“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქალის როლის მიმართ კონსერვატიული განწყობისა, ასეთი დამოკიდებულება 2010 წელთან შედარებით შემცირებულია.
CRRC-ის მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით წარმოებს.
საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.
ცდომილება:
5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%