მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა.არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ეს აქტივობა თბილისსა და ახალგაზრდების (18-34) ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალი იყო. უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევნების ორივე ტურში კმაყოფილი იყო მის მიერ გაკეთებული არჩევანით და გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა (66 პროცენტი), ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი). რესპოდენტების შეფასებით, არჩევნების დღეს მათი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი და სიტუაცია შემავიწროებელი არ ყოფილა.


“მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა “კარგად” (41 პროცენტი) ან “საშუალოდ” (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. “მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. “აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს.”


ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.