ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესზე 500 ლარით დააჯარიმა და საქმეს თვითაცილება მისცა.
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში ადვოკატების გარეშე მივიდა და პროცესს ესწრებოდა. მას მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რის გამოც მოსამართლემ გვარამია შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა და თქვა, რომ ამის გამო მისი დაკავების მოთხოვნაც შეეძლო, უბრალოდ ასე არ მოიქცა. ამის შემდეგ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა.
ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან 3 იანვარს გააძევეს. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ მისი გაძევების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლე, გიორგი არევაძე იანვარში ბევრ პროცესს ნიშნავს, რაც მისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია. ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ,რომ ბრალდების თანახმად, რუსთავი2-ის დირექტორობის დროს ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება უკანონოდ დაუთმო. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.