რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე და განაცადა, რომ “დაძაბულობის ესკალაცია სამხრეთოსური სოფლის, წნელისის სიახლოვეს ქართული პოლიციის პოსტის მშენებლობამ გამოიწვია“.
რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ თბილისმა მრავალგზის თქვა უარი ცხინვალის შეთავაზებაზე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ.
“ამ პირობებში სამხრეთოსური მხარე იძულებულია განახორციელოს ყველა საინჟინრო სამუშაოები ცალმხრივად. ისინი მიმართულია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად და ინციდენტების აღსაკვეთად. ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა, ისევე ,როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი“– ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით თბილისმა დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია პროვოკაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებით დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, რამაც რეგიონში ატმოსფერო დაძაბა.
მოსკოვი “მოუწოდებს მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და განაგრძონ სადაო საკითხების განხილვა ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმის, ასევე ჟენევის დისკუსიის ფარგლებში.“