პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ამის გამო ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა.
“ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ამ ეტაპზე მოწმეები მის საქმეზე სასამართლოში დაკითხული არ არიან”, -აცხადებენ უწყებაში.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ოქრუაშვილმა , 16 ოქტომბერს დაწერა, რომ კვირაში ერთხელ შვილებთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევენ.
“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია ”- აღნიშულია ფეისბუქ პოსტში.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდეს. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.