“მოვითხოვთ პრეზიდენტი გამობრძანეს და საზოგადოებას მოახსენოს ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს“–უდუმაშვილი


ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტმა დაასახელოს, ვისი დავალებით შეიწყალა ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძე, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რეალურად კი საპატიმრო სამ წელიწადში დატოვა. ის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი დღის წინ შეწყალებულ 34 პატიმარს შორის მოხვდა, რასაც მწვავე რეაქცია და პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა.

ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტს კრიმინალების მფარველს უწოდებს:

“სალომე ზურაბიშვისლ დაავალეს ამ აქტზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია, ვინ დაავალა მას ამ აქტზე ხელის მოწერა, თუმცა კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდნენ ის პიროვნება ან პიროვნებები, ვინც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დატყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ჩვენ ვაჟკაც ბჭებს 7 წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს, 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ საპატიმრო დაწესებულებიდან.

ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ თარაშ მუკბანიანის ხსოვნის, არამედ ყველა იმ პოლიციელის, ვინც დღეს ემსახურება ჩვენს ქვეყანას.

მოვითხოვთ რომ პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებისთანავე, ორშაბათსვე გამობრძანეს და საზოგადოებას მოახსენოს ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს.ველოდებით კითხვებზე პასუხს. საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ საქართველოს ყავდეს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი.“– განაცხადა უდუმაშვილმა.