მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს-სახალხო დამცველი პრაიდზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით  მოუწოდებს შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს. 

“მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. შსს ვალდებულია, გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი არის შსს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„ვერ შევაფასებ საპატრიარქოს პოზიციას, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია და აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დააფიქსიროს. ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც არის უზენაესი კანონი და უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციით. მნიშვნელოვანია, ყველა შევთანხმდეთ, განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პატივი უნდა ვცეთ უპირველესად საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა და სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია,” – ამბობს ლომჯარია.

18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება, თუმცა, ორგანიზატორები უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლოკაციას არ ასახელებენ.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ. დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.