მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრი ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრება საბაბად გამოიყენა, რათა აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა.

,,ოპოზიციის მხრიდან დიალოგის ნაყოფიერად დასრულებისკენ გადმოდგმული ნაბიჯი ჩვენ არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებამ კომპრომისული მოდელი დადო მაგიდაზე, ხოლო ოპოზიციას ასეთი არ გაუკეთებია და გუშინ საბაბად გამოიყენეს გიგი უგულავას პატიმრობა 48 მილიონის გაფლანგვაზე, რათა აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ მათ, დაბრუნდნენ მოლაპარაკები მაგიდაზე, რადგან აქ არ შეეხება ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს ჩვენი დიალოგი, აქ ეხება ქვეყნის ბედს”,- აცხადებს მდინარაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა გიგი უგულავას დაპატიმრების შემთხვევაში ილუზიის შექმნისთვის, რომ თითქოს კომპრომისი შესთავაზეს მთავრობას. ,,დაიწყეს საუბარი 135/15 და 130/20 მოდელზე, რამაც სიცილის ხასიათზე დააყენა ყველა”,-ამბობს ,,ქართული ოცნების” ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა და მასშტაბური აქციისთვის დაიწყო მზადება, რომელიც 4 აპრილს გაიმართება.