აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორის დაკავება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მიუღებელია, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ასრულებდნენ თავის მოვალეობას მანდატის ფარგლებში.
„შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გამოიყენონ ყველა არსებული მექანიზმი და ზომა, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია”, – განაცხადა რუდმა.