“მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას”- ეს განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკოში არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გაიმართა.
„აღსანიშნავია, რომ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე, იქ, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს, ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ და დამატებითი ინსტრუქტაჟი გაუწიონ თითოეულ ამომრჩეველს აღნიშნულ პროცესში.
არჩევნებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ტარდება, ასევე იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი.