როს უილსონის პირველი კომენტარი ინაუგურაციის დღის “ძალადობრივ ნაწილზე”

არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”, ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა, როდესაც ამერიკელ დიპლომატს 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო, ოპოზიციონერებმა სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ამ უფლებების განხორციელება მშვიდად და მშვიდობიანად მოხდეს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”,განაცხადა როს უილსონმა.