მოზარდების მკვლელობის საქმე:მიხეილ კალანდია სასამართლოში დაიკითხა

{{ARTICLEIMAGE}}
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია სასამართლოში დაიკითხა. მისი დაკითხვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა მხოლოდ ის თქვა, რომ კალანდია მოწმის სტატუსით დაკითხეს, შინაარსზე მას არ უსაუბრია. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული. პროკურატურაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატ ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში სწორედ მის მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით გამოცხადდა.

“ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი”, განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ნათესავია. სწორედ მის დასჯას მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.

“მოვითხოვ არამხოლოდ კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას, თქვა სარალიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ.

ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება, ჟურნალისტების ამ კითხვას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია.

“წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია”, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველი დაკითხვისას პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განცხადა, რომ მისი დაკითხვის მსვლელობისას მამამისს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მიხეილ კალანდიამ ეს ინფორმაცია კვლავ სასამართლოზე დაკითხვისას უარყო და აღნიშნა, რომ მეგობრების გადარჩენის მიზნით სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიხეილ კალანდიაც არის პასუხისგებაში მიცემული.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.