მოზარდების მკვლელობის საქმე:რატომ დაიბარეს მიხეილ კალანდია პროკურატურაში

{{ARTICLEIMAGE}}
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია გუშინ საღამოს მთავარ პროკურატურაში იყო.

მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატ ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში მისი მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით გამოცხადდა. 

“ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი”, განაცხადა ადვოკატმა.

როდის მოხდება მიხეილ კალანდიას დაკითხვა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 11 არასრულწლოვანია გამოკითხული.

როგორც ცნობილია, მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ნათესავია. სწორედ მის დასჯას მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე. 

“მოვითხოვ არამხოლოდ კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას, თქვა სარალიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ.

ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება, ჟურნალისტების ამ კითხვას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  უპასუხა, რომ ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია.

“წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია“, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველი დაკითხვისას პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განცხადა, რომ მისი დაკითხვის მსვლელობისას მამამისს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მიხეილ კალანდიამ ეს ინფორმაცია კვლავ სასამართლოზე დაკითხვისას უარყო და აღნიშნა, რომ მეგობრების გადარჩენის მიზნით სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიხეილ კალანდიაც არის პასუხისგებაში მიცემული.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.