{{ARTICLEIMAGE}}
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია და უკანონოდ არის დაკავებული.
როგორც ის განმარტავს, მისი არასრულწლოვანი შვილი სხვების დანაშაულის გადასაფარად და აღშფოთებული საზოგადოების გასაჩერებლად დააკავეს.
“ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა რომ დაიწყო, იმ დროს დააკავეს ჩემი შვილი, რომ საზოგადოებრივი მუხტი და სარალიძე რაღაც დროის მანძილზე გაეჩერებინათ.
პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი.
საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.
ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.
ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას”, – განაცხადა ღლონტმა.
ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.