“მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს”- კახა კოჟორიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს.

“ჩემთვის ცნობილია “ყინწვისის სპეცოპერაციის” საქმე, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ ეს ამბავიც, ერთი კონკრეტული ამბავიც მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე. როდესაც ამ გამომძიებელმა წლების წინ, გამოძიების პროცესში სისტემური გადაცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, იმის ნაცვლად, რომ სისტემას გამოეძიებინა, არც წინა და არც ამ ხელისუფლების დროს, ამის გამოძიება არ მოხდა. სწორედ ამიტომაც წავიდა ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ, ეს ადამიანი კვლავ ინარჩუნებდა თავის პოსტს მანამ, სანამ ტრაგედია არ მოხდა. ამ საქმეში იმთავითვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომ აქ ჰქონდა ადამიანების წამებას ადგილი ჩვენების მიღების მიზნით და ამ საქმეში იმთავითვე იყო მთელი რიგი ხარვეზები,რითაც უფლებადამცველები იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საქმე წინა ხელოსუფლების დროს მოხდა და ამ ხელისუფლებამ აქ არანაირი გამოძიება არ ჩაატარა”,- განაცხადა კოჟორიძემ.