კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები -შრომითმა ინსპექციამ ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებლობაზე დარღვევები აღმოაჩინა.
შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტმა იმ ადგილის შესწავლა დაიწყო, სადაც გუშინ საღამოს 2 მუშა დაიღუპა.
„კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო,“ – ეს განცხადება შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, ბექა გერაძემ გააკეთა.
გერაძის თქმით, იგი აცხადებს, რომ გარკვეული დარღვევები პირველადი დათვალიერების დროს უკვე დააფიქსირეს.
„ზოგადი დათვალიერებით ობიექტზე პირველადი ხარვეზები არსებობს, თუმცა, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც, დღის განმავლობაში გაგრძელდება მოკვლევა. უნდა შევისწავლოთ ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაოების გეგმა, როგორ იყო დაგეგმილი და რამდენად სწორად ხორციელდებოდა მისი შესრულება. კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევაზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამის შემდეგ,“ – განაცხადა გერაძემ.