რა ხდება საპატრიარქოში და რა მიზეზით უპირისპირდება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზს სასულიერო პირთა ნაწილი. ცნობილი ხდება, რომ 2017 წელს გიორგი მამალაძემ ჭყონდიდის მიტროპოლიტს წერილი გადასცა, რომლის ადრესატებიც მეუფე პეტრე ცაავა, მეუფე ანდრია გვაზავა, მეუფე დიმიტრი და მეუფე დავით ალავერდელია. ზუსტად რა შინაარსის არის წერილი, უცნობია, თუმცა რამდენიმე დეტალზე მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა საუბრობს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დეკანოზი ყურადღებას ამახვილებს, საეკლესიო ბიზნესს უკავშირდება და პატრიარქის დაზე საუბრობს.
თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ მისი ძმა სასულიერო პირებმა ამ წერილის გამო დასაჯეს და ქვეყნის წინა პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე უარი ათქმევინეს.
წერილის შესახებ მეუფე პეტრემ გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში ისაუბრა. ჭყონდიდის მიტროპოლიტს წერილი არ გაუსაჯაროებია, თუმცა თქვა, რომ ის “საეკლესიო ბედუკაძეობას” გავდა. მეუფე პეტრეს განცხადებით, სწორედ ამ წერილის შემდეგ პატრიარქმა, ფაქტობრივად, ზურგი აქცია მამა გიორგი მამალაძეს. ჭყონდიდს მიტროპოლიტი, რომელიც სინოდის წევრებს დეკანოზ გიორგი მამალაძის გამო რამდენჯერმე დაუპირისპირდა, დღეს, წერილთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას აღარ აკეთებს.