მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილის და საპატრიარქოს “განაჩენს” ელის

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

7 არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ პირველივე დღეებიდან, მამალაძის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, რამაც განაჩენის გამოტანამდე დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა შექმნა. პრეზიდენტისადმი მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზის საქმეზე გამოტანილი განაჩენები დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება კი ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.


არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას მიესალმება მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი. თორნიკე მამალაძე, რომელიც უკვე მერვე დღეა, პროტესტს საპატრიარქოსთან გაშლილ კარავში გამოხატავს და ძმის საკანში ზიარებას მოითხოვს, ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია – აიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას, ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

დეკანოზის უფლედამცველიც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიხეილ რამიშვილი 2 წლის წინ დეკანოზის დაკავების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და იმედოვნებს, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილზე გავლენას არ იქონიებს.

პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ოჯახმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადრეც მიმართა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის პოსტი ისე დატოვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, რა პოზიცია აქვს ახლადარჩეულ პრეზიდენტს და საერთოდ განიხილავს თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ბრალდებულის შეწყალების საკითხს სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშანავია, რომ დღეს გაიმართა პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი, რომელზეც ჟურნალისტებმა ხატია მოისწრაფიშვილს შეწყალების კომისიის დაკომპლექტების თემაზე დაუსვეს შეკითხვა.


მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან დღემდე შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი.პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, როგორ დაკომპლექტდება შეწყალების კომისია. “პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, შეწყალების სამ აქტს უკვე მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გითხარით: კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება მისი დაკომპლექტება. ამ ეტაპზე არ განიხილება არც ერთი გვარი და დაკომპლექტების საკითხი,”განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.