მსჯავრდებულ დეკანოზს მღვდელმოქმედება არ შეუჩერდა:სინოდის სხდომის დეტალები

{{ARTICLEIMAGE}}

წმინდა სინოდის სხდომაზე “ციანიდის საქმე” არ განხილულა, ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


“სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვაზე თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია”.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისადმი.


სინოდის სხდომიდან გამოსული მღვდელმთავრების განცხადებით, გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია მას შემდეგ მიიღებს, რაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება.
“მოვლენებს დაველოდებით. წმინდა სინოდის შემდეგ სხდომაზე ეს საბოლოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, იყო აზრთასხვადასხვაობა”, განაცხადა მეუფე პეტრემ.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჟურნალისტებმა შეკითხვა დასვეს, უკვე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების მოლოდინს უკავშირდებოდა, რაზეც მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ “ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“. აღსანიშნავია, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ არც მსჯავრდებული დეკანოზისთვის მღვდელმოქმედების შესაძლო შეჩერების თემა უხსენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ საპატრიარქოში დღეს ეს საკითხიც უნდა განეხილათ. როგორც ცნობილია, სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.


ცნობისათვის, 2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი თქვა ადვოკატების საკასაციო საჩივრის განხილვაზე.