მსოფლიოს რუკაზე ჯერ კიდევ არსებობს ორი გაბოროტებული ინვალიდი: საქართველო და უკრაინა-დუმის დეპუტატი

„მხარდაჭერის, დახმარების და ერთად ლობიოს ჭამის პოლიტიკამ მოგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ გააკეთა.

ტოლსტოი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ მკაცრი სანქციების გატარებისკენ მოუწოდებდა. რუსეთის სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, თუმცა, ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ წინადადებას მხარს არ უჭერს.

„ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად, მკაფიოდ და ხისტად უნდა გავაგებინოთ, რომ ასეთი საქციელი არ გაუვათ და საკმაოდ მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთ, იქნებ მომავალში დაჭკვიანდნენ. ხომ გვესმის, რომ საქმე არ ეხება ჟურნალისტს ან ტელეარხს ან ჰალსტუხებიჭამია სააკაშვილს, საქმე იმ ატმოსფეროს ეხება, რომელშიც მსგავსი აქციები შესაძლებელი და დასაშვები გახდა. ბოდიში სიტყვებისთვის ან ტონისთვის კი არ უნდა მოიხადონ, არამედ რუსეთის და ჩვენი პრეზიდენტის მისამართით არსებული რიტორიკის და შინაარსის გამო. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიოს რუკაზე ჯერ კიდევ არსებობს ეს ორი გაბოროტებული ინვალიდი, რომელსაც ტერიტორიების ნაწილი აკლია, არშემდგარი სახელმწიფოები – საქართველო და უკრაინა, ამ სიბოროტეს გადმოაფრქვევენ იქამდე, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ეს ტერიტორიები მათ არასდროს დაუბრუნდებათ,“ – განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.