თიბისი ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.
ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.
„მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ბანკის ბაზრის წილი 49%-ია. წლების განმავლობაში თიბისი ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.
„თიბისი ბანკი გამარჯვებულად ვაჭრობის დაფინანსების სექტორში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უწყვეტი განვითარებისთვის დასახელდა“, – განაცხადა Euromoney-ს რედაქტორმა, კლაივ ჰორვუდმა.
Global Finance-ისა და Euromoney-ს გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ბანკს – როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – EBRD, ADB, Commerzbank.
Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას აქვეყნებს. წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს. Euromoney-ს მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა და ის პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო საერთაშორისო საბანკო ინდუსტრიაში.
ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.