მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს.ექსპერტები ამ ტენდენციის შეჩერებას არ ელიან

წლევანდელი მაისი ნავთობის ბაზრისთვის 2012 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. Brent –ის მარკის ნავთობის ფასები 11.4%–ით დაეცა. ანალიტიკოსები ახლო მომავალში ნავთობის ფასის ზრდას არ პროგნოზირებენ, რადგან ამის მიზეზებს ვერ ხედავენ.

ერთი ბარელი Brent –ის მარკის ნავთობი ორშაბათს 62.6 დოლარი ღირდა. მაისის დასაწყისში ნავთობის ფასები 70 დოლარს აჭარბებდა. ფაქტიურად ერთ თვეში ნავთობის ფასი 11.4%–ით დაეცა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ნავთობის ბაზრისთვის ყველაზე უარესი მაისია.

ფასების კლების ყველაზე დიდი პორცია მაისის ბოლოზე მოდის. 29–დან 31 მარტამდე ბარელის ფასმა 5 დოლარით დაიკლო.

ანალიტიკოსები გასული წლის ნომებრის შემდეგ ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრ ვარდნაზე წერენ. დეკემბერში სიტუაციაში ჩარევა ოპეკის ქვეყნებს მოუწიათ, რომლებმაც ფასების შესანარჩუნებლად ნავთობის მოპოვება შეზღუდეს.

რა მოსდის ნავთობს

ანალიტიკოსების თქმით ბოლო დროს ნავთობის ფასი აშშს მხრიდან სანქციების და აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამწვავების გამო იკლებს.

მაისის შუა პერიოდში აშშ–მ ფაქტიურად სანქციები შემოიღო ჩინური კომპანია Huawei–ს წინააღდმდეგ, როცა ამერიკულ კომპანიებთან მისი თანამშრომლობა შეზღუდა.ამას შედეგად გუგლის გადაწყვეტილება მოჰყვა, Huawei –ს პროდუქციას მისი განახლებები აღარ მიაწოდოს. სავაჭრო ომის ახალმა ტალღამ საფონდო ბირჟებზე ვარდნის პროვოცირება გამოიწვია.

თუმცა აშშ სავაჭრო ურთიერთობებში მკაცრი პოლიტიკის შერბილებას არ აპირებს, მათ შორის სხვა ქვეყნებთანაც. მაგალითად, შეზღუდა მთელი რიგი ინდური საქონლის ქვეყანაში შეტანა საბაჟო განაკვეთების გარეშე, ასევე შემოიღეს 5%–იანი საბაჟო გადასახადი მექსიკური პროდუქციისთვის.

ამ მოვლენებმა ექსპერტების ვარაუდით შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ნიშანი ჩანს იმის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ტემპი შენელებას განაგრძობს.

ჩინური მრეწველობისთვის PMI–ს ინდექსმა მაისში 50.2 პუნქტი შეადგინა. ეს ინდექსი იმის მაჩვენებელია, როგორ აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივას. ინდექსის ეს ნიშნული მეტყველებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება

მაისში PMI–ს ინდექსი ევროზონის 19 ქვეყანაში 47 პუნქტამდე შემცირდა. 50 პუნქტს ქვევით მაჩვენებელი კი როგორც წესი წარმოების შემცირების მაჩვენებლად ითვლება.

როგორც ბლუმბერგი წერს, Morgan Stanley ბანკმა ცოტა ხნის წინ გაფრთხილება გაავრცელა, რომ უახლოესი 9 თვის განმავლობაში მსოფლიოში შესაძლოა რეცესია დაიწყოს, თუ აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინურ საქონელზე 25%–იან საბაჟო ტარიფს შემოიღებს. სააგენტოს ინფორმაციით მსოფლიო წარმოება უკვე გრძნობს სავაჭრო ომების შედეგებს.

ამ ფონზე ინვესტორებს რისკის ეშინიათ. ამიტომაც იკლებს მოთხოვნა ნედლეულზე, მათ შორის ნავთობზე.

ანალიტიკოსები ვერ ხედავენ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა მომავალში ნავთობის ფასი გაიზარდოს.

2018 წლის დეკემბერში ოპეკის წევრმა ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, ასევე რუსეთმა და სხვა მოკავშირეებმა მოილაპარაკეს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დღეღამეში 1.2 მილიონ ბარელამდე.

ეს გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ მიიღეს, რათა ბაზარზე ფასები შეენარჩუნებინათ და მართლაც, შემდგომი თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდებოდა.

სავარაუდოდ ოპეკი იგივეს ვეღარ გაიმეორებს, რადგან ანალიტიკოსების აზრით ეს არამომგებიანია კარტელში შემავალი ქვეყნებისთვის, რადგან საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები ამგვარად ბაზარზე თავის წილს აშშ–ს აძლევენ, რომელიც უკვე გახდა ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერი.

აშშ–ს მხრიდან სანქციების ფონზე ირანიდან ნავთობის ექსპორტის მკვეთრმა შემცირებამაც კი ვერ შეანელა ნავთობის ფასების ვარდნა. არადა, როიტერის წყაროების წინასწარი ინფორმაციით მაისში ირანის ნავთობის ექსპორტი ორჯერ შემცირდა.

თეორიულად ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ნავთობის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვიოს შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება ან ახალი კონფლიქტი გახდეს. მაგალითად, თუ აშშ–სა და ირანს შორის სპარსეთის ყურეში სამხედრო შეტაკება მოხდა, ბარელის ფასი შესაძლოა 100 დოლარამდე გაიზარდოს.