“მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ”-დიღმელაშვილი

ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილიას” ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში   შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

“თვეზე მეტია შსს მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლებში ვართ და შიშველი ხელებით მთელი სახელმწიფო რესურსისა თუ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის დარტყმებს ვიგერიებთ. ჩვენ წინააღმდეგაა მთელი სახელმწიფო აპარატი და ამას გარდა, დაუდეკლარირებელი პოლიტიკური ფულით ნაკვები “კერძო” ტროლქარხნები.

ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ, არც გვიხმაურია, პირიქით, მუსიკას ჩავუწიეთ და ხალხი არ შევაწუხეთ, რადგან გაცეცხლებულებმაც კი კერძოსა და საჯაროს გამიჯნვა ვიცით, პოლიტიკურ მტერსაც კი არ მოვექცევით უღირსად, მით უმეტეს, არ შევაწუხებთ მის ოჯახს, შვილებს

ჩანს, წესიერება იმდენად შორსაა მთავრობისგან, რომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიცემული მაგალითით სწავლობენ. რაღაც ფბ-პოსტის გამო ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მიურეკიათ ნახირი და ბღავიან. მართლა #სირცხვილია “-წერს დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შოთა უტიაშვილისა და მისი მეუღლის  ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია გაიმართა. გორელი აქტივისტები ითხოვდნენ უტიაშვილმა  ბოდიში მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო. შეგახსენებთ, რომ გუშინ უტიაშვილმა სტატუსი აგვისტოს ომისა და რუსეთის გავლენების შესახებ დაწერა.