მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა-ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე, ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
“31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამასთან, მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დღეს ამომრჩევლები ერთ საარჩევნო ბიულეტინს მიიღებენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნებში მონაწილრობას იღებს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.
ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც მოქმედებს ონლაინ ჩატი. ასევე, 07:00 საათისან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს აკვირდება 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. ასევე, რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.
“არჩევნებს #1 მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ორი საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგნლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას.
დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,”- განაცხადა ანა მიქელაძემ