2019 წლის 19 მაისისთვის დანიშნულ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში გირჩის წევრი, ჰერმან საბო მონაწილეობს. პარტიამ გადაწყვიტა მისთვის ხმების მობილიზაცია მათი მხარდამჭერების მთაწმინდის შესაბამის ოლქში დარეგისტრირების საშუალებით მოახდინონ. კამპანია სახელწოდებით “გირჩების გადასახლება“ ფეისბუქში უკვე დაიწყო. გირჩი სპეციალური ფორმის შევსებას სთავაზობს მათ, ვისაც უნდა მათი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად მთაწმინდაზე გადაეწეროს ან მათ, ვინც მთაწმინდაზე ცხოვრობს და აქვს სურვილი გირჩის მხარდამჭერები საკუთარ საცხოვრებელში დაარეგისტრიროს.
“ გვაქვს შანსი, რომ ჩვენი კანდიდატი, ჰერმან საბო პარლამენტში მოხვდეს.
#გირჩისხმაპარლამენტში
ამ პროცესისთვის ხელის შესაწყობად კანონმდებლობაში არსებულ ყველა ხვრელს გამოვიყენებთ და ერთერთი ასეთია – გირჩის მხარდამჭერების მთაწმინდელ ამომრჩევლად გარდაქმნა.
ამისთვის ვეძებთ ორი კატეგორიის ადამიანებს:
1. მთაწმინდელ გირჩელებს, რომლებსაც მთაწმინდაზე საკუთრებაში აქვთ სახლი და მზად არიან, მათთან მასიურად ჩაეწერონ სხვა გირჩელები (გადაწერისთვის საჭიროა მხოლოდ მფლობელის ხელმოწერა, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე)
2. გირჩელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც მზად არიან მთაწმინდაზე გადმოეწერონ, ამისთვის საჭიროა განცხადება, რომელსაც ჩვენ ოფისში შევსებულს დაგახვედრებთ, პირადად მიიტანოთ იუსტიციის სახლში.
შეავსეთ ეს ფორმა და დაგიკავშირდებით, დაგაორგანიზებთ :))
ორივე კატეგორიის ხალხს მინიმუმ ერთხელ მოუწევს მოსვლა გირჩის ოფისში, თბილისში, ბესიკის 4-ში.
პროცედურა სრულიად უფასოა.“ წერია გირჩის ფეისბუქ გვერდზე.
იქვე პარტია ხშირად დასმულ შეკითხვებს და მათზე პასუხებს აქვეყნებს:
კითხვა:
თუ რეგიონში ვარ, შევძლებ გადმოწერას?
პასუხი:
მთაწმინდაზე გადმოწერა შეუძლია ყველას. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამას დისტანციურად ვერ იზამთ. გადაწერის შევსებული განაცხადი პირადად უნდა ჩააბაროთ თბილისში, საჯარო რეესტრში. ამიტომ ერთხელ მაინც მოგიწევთ თბილისში ჩამოსვლა.
კ.: არჩევნების მერე რა ხდება?
პ.:პირველი კატეგორიის ხალხისთვის – ერთხელ მიდიხართ საჯარო რეესტრში და თქვენთან ჩაწერილ ყველა დროებით მთაწმინდელს ერთი განცხადებით ამოწერენ, ერთ დღეში.
მეორე კატეგორიის ხალხისთვის – სადაც იყავით ჩაწერილი, მიდიხართ იქაურ იუსტიციის სახლში და ისევ თქვენს სახლში გადაეწერებით (ამ სახლის მფლობელის თანხმობით).
კ.:ჩემს სახლში თუ ჩავწერე ბევრი ხალხი, შეიძლება თუ არა ამან რამით დამაზიანოს?
პ.:არანაირად. შენთან შეიძლება ჩაწერილი იყოს ათასობით ადამიანი და ეს არაფერს ცვლის შენთვის. არც რაიმე კანონს არღვევ და არც რაიმე უფლება აქვთ ამ ჩაწერილ ხალხს შენს საკუთრებაზე. მხოლოდ წყლისა და დასუფთავების გაზრდილი გადასახადი მოგივა 2 თვის განმავლობაში, რომლის დაფარვაშიც დაგეხმარებით.
დეტალური ინსტრუქტაჟის გარდა გირჩი ელექტრონულ ფორმასაც აქვეყნებს, რომლის შევსება “გირჩების გადასახლებაში“ მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ.