სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
შეგახსენებთ, მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.