“მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ”-უგულავა ივანიშვილზე

“მთავარი ეშმაკის ფეხი თვითონ არის” -, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი შეაფასა.

ივანიშვილის წერილი  9 აპრილთან დაკავშირებით დღეს დილას გავრცელდა, ივანიშვილმა  ხელისუფლების ოპონენტები  გააკრიტიკა.

გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფარისეველია, რადგან მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი წლების წინ თავად აფინანსებდა 9 აპრილის ერთერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს.

„ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში ღვარძლის, შურისძიების და ბოღმის ნთხევის მეტი მას და მის „ოცნებას“ არაფერი უკეთებია და ის ნაპრალები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში, რომლის გამთლიანებას კიდევ შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ, სრული ფარისევლობაა აქ მისგან საუბარი, სრული ფარისევლობაა და ამაზრზენია, როდესაც ის 9 აპრილზე საუბრობს და ადარებს პირველ ოქტომბერს იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება და პირველი ოქტომბერი იყო ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიაზე გამარჯვება. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, იმ 9 აპრილზე, რომელიც ლებედმა და როდიონოვმა დაარბიეს და რომლის რასკრუჩინიაში იღებდა და მონაწილეობდა და რომლის კამპანიაში მონაწილეობდა. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მერეც არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქედ დარჩა და ვიგავორი რომ კარგი ყოფილიყო, ამას თვითონ ამბობს, ბორის ივანიშვილი დაიწერა პასპორტში ბიძინას ნაცვლად. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილზე უნდა გველაპარაკებოდეს, ამ ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ღირებულება საქართველოს დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.