თბილისის ყოფილი მერი, ევროპული საქართველოს ლიდერი ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიაზე და არჩევნებით ივანიშვილის დამარცხების გზებზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
“კოალიციაზე, რუსებზე, 2020-ზე, გამგებზე და შეუგნებელზე
1. მთავარი რუსი ამ არჩევნებზე იქნება ივანიშვილი და მისი ოცნება. სულერთია ვინ იქნება სიის ათეულში. 2020-ში ყველა ფრჩხილი გაიხსნება. ივანიშვილი არის რუსი. ცხადია ჰყავს სატელიტები, (ვასაძე, პატ. ალიანსი, ბურჯანაძე), თუმცა ისინი ივანიშვილის რუსობის მეხამრიდად არ უნდა ვაქციოთ #ივანიშვილიმთავარირუსი.
2. პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით პოლიტიკურ სისტემას ფრაგმენტაციისკენ უბიძგებს, პარტიები ჯიხურებივით მომრავლდება. ეს მოცემულობაა. ივანიშვილის შემოთავაზებული პარტიათა სიმრავლე (დაყავი და იბატონე) უნდა ვაქციოთ იდეების მრავალფეროვნებად. რაც უფრო მეტი სუბიექტი იქნება, მით მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე და სულ უფრო ნაკლები იქნება 41 ამ მრავალფეროვნებაში. (ჩემი ვარაუდით 2020-ში 2 150 000-მდე, რეკორდული ოდენობა, ამომრჩევლის მოვა) თუ 2012 -ში ივანიშვილმა ოპოზიციის ერთობით, ერთი მართვის, ერთი სიის ქვეშ შეძლო გაერთიანება და გამარჯვება, 2020-ის გამარჯვების წინაპირობა იდეების და პარტიების მრავალფეროვნება იქნება.
3. მაშ რა არის ოპოზიციური ერთობა? ეს არის ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო განაცხადი, რომ ივანიშვილს უმრავლესობას და მთავრობას არ შეუქმნიან. რაც მეტი პარტია განაცხადებს ამას, მით უფრო რეალისტური გახდება ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიის დამსხვეევა. ვინც არ განაცხადებს, ის მთავარი რუსის სატელიტია. ყველა პარტია უნდა ვიყოთ მოქნილი და ნაკლები წითელი ხაზები ვავლოთ ოპოზიციაში, რადგან ერთი და მთავარი წითელი ხაზი არსებობს – უკვე ღიად რუსი ივანიშვილი. ვინც მასთან დარჩება რუსია.
4. ასეთ პირობებში რუსი ივანიშვილი ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ოცნება და მისი სატელიტები რღვევას დაიწყებენ. ოპოზიციამ წამოსულებს კარი უნდა გაუღოს, თუ ეს ოპოზიციის მთავრობის შექმნისთვის იქნება აუცილებელი. მთავარი პასუხისმგებლობაა – ივანიშვილი წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი, პოლიტიკური კრიზისი, რაც პროპორციულ სისტემას და ქართულ დემოკრატიას დააზიანებს.
#ივანიშვილიუდრისქაოსს“–წერს უგულავა.