საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო აუცილებლად მოერევა კორონავირუსის, თუმცა მთავარია, სად იქნება ამის მერე ეკონომიკა, რის ფასად დავძლევთ გამოწვევას.
,,საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარი არის რა შედეგით და რა დანაკლისით. მთავარი არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას, როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამოწვევას, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, სად იქნება ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სად იქნება ჩვენი სოციალური ქსოვილი.
გლობალური კონკურენცია ჯერ არავის არ გაუუქმებია, ვერავინ ვერ გააუქმებს, როგორც კი მსოფლიო დაძლევს ამ გამოწვევას და რა თქმა უნდა, დაძლევს, ჩვენ ჩავერთვებით ახალ გლობალურ კონკურენციაში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა, ისე რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილში, პოლიტიკურ სტრუქტურაში და კიდევ ბევრს რამეში. ეს არის ეფექტურობა”,- ამბობს გახარია.
პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დღესვე გამოცხადდეს საგანგებო მდგომარება და მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა აეკრძალოთ, თუმცა ეს არაეფექტური იქნება.
,,შესაძლებელია, დღეს ჩვენ ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეული მოქალაქე ვაიძულოთ, რომ დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი და შესაძლებელია, რომ ვიღაცაზე უფრო სწრაფად დავძლიოთ, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. მერწმუნეთ, როდესაც ამას დავძლევთ, შეფასება იქნება ასეთი – რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით დაძლევს ამას თითოეული სახელმწიფო.
ჯერჯერობით გამოგვდის ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესად. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები არის მთლიანად ჩვენი საზოგადოება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.