საქართველოს მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ავტომობილს – ჯიპს ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, მანქანის ფერი.
შესყიდული ავტომობილი უნდა იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
მთავრობას 2019 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა სურს და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარია.
„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული განსაზღვრული III კლასის (მაღალი გამავლობა – ჯიპი) 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.
შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.“- ნათქვამია სატენდერო მოთხოვნებში.
წინადადებების მიღება 8 ივლისიდან იწყება და 9 ივლისს მთავრდება.
მთავრობის მიერ მანქანების შეძენას გამოეხმაურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელმაც განმარტა, რომ 135 ჯიპი მაღალი თანამდებობის პირებისთვის არ არის განკუთვნილი.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 44 სხვადასხვა უწყებისთვის 135 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების კონსოლიდირებული წესით შესყიდვას გეგმავს.
აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.
სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებით. აღნიშნული ტენდერი 3 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 ივლისს მთავრდება.
კონსოლიდირებული ტენდერის საორიენტაციო ღირებულება 9 045 000 ლარია, რაც მოიცავს როგორც ავტომობილის ღირებულებას, ასევე გარანტიის ფარგლებში (150 000 კმ. გარბენი ან/და 5 წელი) სავალდებულო პერიოდულ ტექმომსახურებასა და საწვავის ხარჯებს.
შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.