მთავრობამ, მთელმა პროკურატურამ შეაწმინდეს ხელი ბოლომდე – მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ოჯახისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, დაკავებულის მამა პატიმრობას არ ელოდა. ის აცხადებს, რომ ყველამ ხელი მის შვილს “შეაწმინდა” და ეს ყველაფერი ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.

„ყველას პირობითი აქვს, ხომ გადაამტერეს ერთმანეთს ეს ბავშვები, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. მთავრობამ, მთელმა პროკურატურამ შეაწმინდეს ხელი ბოლომდე და ესე გაგვიმეტეს“ – აცხადებს დაკავებულის მამა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს დაკავებული დ.ღ-ს ადვოკატიც.

„ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების სავარაუდოდ, დაკავება და დაჭერა. პლუს იმას, რომ იმ განაჩენზე, თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. იქ როდესაც საუბარია, ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდაო, არ მისული პიროვნების ჩვენება საერთოდ არ აქვთ მოსამართლეებს გაზიარებული“ – აცხადებს ადვოკატი.

ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს