მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!”, “კვირა დღე დასვენებისაა და არა სიკვდილის” –ამ და სხვა ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და გუშინ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევა გააპროტესტეს.

ამ წუთებში კი მთავრობის კანცელარიიდან აქციის მონაწილეები მსვლელობას ჭავჭავაძის გამზირისკენ აწყობენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს.

“მთავარი არის ამ ქვეყანაში მოგება, ჩვენ 2013 წელს მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს, აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს, შრომის ინსპექცია არის უუნარო.”-განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

აქციის მონაწილეები სწორედ იმ ადგილისკენ მიემართებიან, სადაც გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.