“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!” – ამ სლოგანით აქცია დღეს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ვაკეში მშენებლობაზე მომხდარ ფაქტს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობის ეკონომიკურ ექსპერიმენტებს, მის არასწორ პოლიტიკასა და უმოქმედო შრომის კოდექსს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ეწირებიან.
მთავარი მოთხოვნაა შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დაუყოვნებლივ მიენიჭოს. აქციის ორგანიზატორები პროფკავშირები და სოლიდარობის ქსელია. მათ მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
“ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!
ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!
გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!
სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.