“მწვანე სკოლა” განცხადებას ავრცელებს

სკოლა, რომელმაც კედელზე გაკეთებული წარწერის გამო მოზარდი პოლიციას გადასცა, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას”-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ “მწვანე სკოლის” დირექციამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაკითხვიდან გამოსული 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან გადმოხტა. მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. მოზარდის მიმართ ჩვენების  იძულების ფაქტზე დაკავებულია გამომძიებელი.