მწვანე თუ ლურჯი?-კალაძე თბილისელებს ახალი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს

თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თბილისელებს ავტობუსის ფერების შერჩევაში მონაწილეობას სთავაზობს.

გამოკითხვაში ფეისბუქმომხმარებლები  აქტიურად ჩაერთნენ,  ამ დროის მონაცემებით, მათ უმეტესობას 61 %-ს  მწვანე ფერის ავტობუსები უფრო მოსწონს.

კალაძემ სოციალურ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაც  გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ. „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ამ ავტობუსების ორი კონკრეტული ფერი და მინდა თქვენი ჩართულობა, მოსაზრებებიც მოვისმინო და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა  კალაძემ.