კიევის ოლიმპიისკის სტადიონზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილეთა – მოქმედი პრეზიდენტის, პეტრ პოროშენკოს და კომიკოს ვლადიმერ ზელენსკის დებატები გაიმართა. გთავაზობთ მთავარ აქცენტებს და ფაქტებს დებატებიდან:
სტადიონი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს სცენა დადგეს ზელენსკისთვის, მეორე მხარეს კი პოროშენკოსთვის. ორივე სცენის წინ გამოყოფილი იყო ფანების ზონა, სადაც კანდიდატების მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
თუმცა დებატების დაწყების წინ პოროშენკო მოულოდნელად მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად ზელენსკის სცენისკენ გაემართა, რომელსაც კენჭისყრით პირველი გამოსვლის უფლება ერგო. ამგვარად, კანდიდატები პირველად წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე ერთ სცენაზე აღმოჩნდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ზელენსკი თავის გამოსვლაში ხაზს უსვამდა, რომ პრეზიდენტი არა ოლიგარქი, არამედ ხალხიდან გამოსული ადამიანი უნდა იყოს და ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ “ნორმალური ადამიანები 21–ე საუკუნის მენტალობით“.
მან კითხვების სია წაიკითხა, რომლებიც მისი თქმით მხარდამჭერებმა გამოუგზავნეს და პოროშენკოს შესთავაზა აერჩია, რომელ მათგანზე გასცემდა პასუხს. პოროშენკო კი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი არაკომპეტენტურია პრეზიდენტის პოსტისთვის და აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ზელენსკის უკან ოლიგარქი კოლომოისკი და მისი დაჯგუფება დგას.
ზელენსკიმ ბრალდების პასუხად, რომ ის მზად არის პუტიის წინაშე მუხლებზე დაეცეს, განაცხადა, რომ ფრაზა, რომელსაც მას მიაწერენ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.
“მე ახლავე მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ დედას, რომელსაც შვილი ფრონტიდან ცოცხალი არ დაუბრუნდა. მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ ბავშვს, რომელმაც მამა დაკარგა. მზად ვარ მუხლებზე დავუდგე ყოველ ქალს, ვისაც ქმარი არ დაუბრუნდა და თქვენც გიწვევთ იგივე გააკეთოთ.“– განაცხადა ზელენსკიმ და მუხლებზე დაეშვა.
ერთ მუხლზე დაეშვა პოროშენკოც სახით ქალისკენ, რომელსაც ხელში უკრაინის დროშა ეჭირა. როგორც გაირკვა, ეს ქალი დონბასში დაღუპული მებრძოლის ცოლი იყო.
დებატების ბოლოს პოროშენკომ ჰიმნის სიმღერა წამოიწყო, ზელენსკი კი იღიმებოდა, ცოლს კოცნიდა და ორი თითის ჟესტს მიმართავდა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ გამარჯვების ნიშანია. შემდეგ კი ისიც აყვა ჰიმნს მკერდზე ხელმიდებული. დებატები იმით დამთავრდა, რომ მთელი სტადიონი ერთად ასრულებდა სიმღერას “Ще не вмерла Україна”.
ზელენსკის თეზისები:
• 2014 წელს მან თავად მისცა ხმა პოროშენკოს, მაგრამ ეს შეცდომა იყო. “ჩვენ ხმა მივეცით ერთ პოროშენკოს, მაგრამ ავირჩიეთ სხვა პოროშენკო. პირველი ყვირის: მე შენ გიჩვენებ სეირს პუტინო! მეორე კი მოკითხვებს გზავნის მოსკოვში ბატონი მედვედჩუკის საშუალებით. პირველი ამბობს, რომ დოლარი 10 გრივნა ეღირება. მეორე კი მის ფასს 30 გრივნამდე ზრდის“.
• ის არ არის პოლიტიკოსი და არის უბრალო ადამიანი, რომელიც მოდის რომ სისტემა დაანგრიოს. “მე თქვენი შეცდომების და დაპირებების შედეგი ვარ. ეს სიმართლეა და თქვენ ამას ხვდებით.“
• არაერთხელ ყოფილა უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების ზონაში და არ დამალვია სამხედრო გაწვევას, როგორც ამას პოროშენკო ამტკიცებდა.
• არასოდეს ულაპარაკია ვლადიმერ პუტინთან და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან.
• ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არ ყოფილა.
• ის პროკურორთან არ არის და საიმისო არაფერი გაუკეთებია, რომ პროკურორთან აღმოჩნდეს. პოროშენკოს კი მოუწევს პროკურორთან შეხვედრა.
• მოსე არ არის, რომ უკრაინა სადმე წაიყვანოს. “უკრაინა ევროპაში მიდის. თუ ხალხი გადაწყვეტს, მეც დავიცავ ევროპულ არჩევანს.“
• ის ერთი ვადით მოდის და აპირებს, რომ პოროშენკოს გარემოცვა პოლიტიკაში აღარ იყოს.
• მზად არის უკრაინელ ხალხს მუხლებზე დაუდგეს. (დაუდგა კიდევაც).
• მას აქვს კონტრაქტი ტელეარხთან 1+1 და მეტი არანაირი ბიზნესი. აინტერესებს, პოროშენკო, რომელიც 1998 წლიდან ხან დეპუტატი იყო და ხან ჩინოვნიკი ამ დროის მანძილზე როგორ გახდა ოლიგარქი?
• პოროშენკო არის “მგელი ცხვრის ქურქში“. კითხვები პოროშენკოს: გახსოვთ სიტყვა ლუსტრაცია? რატომ არის შესაძლებელი თქვენი კანფეტების ყიდვა მოსკოვში? რატომ აქვს ყველა თქვენს ადამიანის ორი ხელი?
• პოროშენკოს ბევრი მიღწევა აქვს – უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ავტოკეფალიის ტომოსი, უკრაინული ენა, არმია. თუმცა ის მათ მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს.
პოროშენკოს თეზისები:
• მან ჩაიბარა უფულო ქვეყანა. “რომ იცოდეთ რა მდგომარეობაში ჩავიბარე ქვეანა 2014 წელს – უფულოდ, უიარაღოდ, სხვანაირად დასვამდით კითხვას“.
• ზელენსკი არაკომპეტენტურია, ჟურნალისტებს, ოპონენტებს და უკრაინელ ხალხს ემალება: “რას აპირებს ის და არა მისი შტაბის წევრები, კონსულტანტები, მრჩევლები? მაინც ვერა და ვერ გავიგეთ.“
• ზელენსკი ლამაზი შეფუთვაა, რომლის უკანაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი იმალება. “თქვენ არ ხართ კატა ტომარაში. თქვენ ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები.“
• ზელენსკი რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. “მე მჯერა, რომ ბატონ ვლადიმირს არ უნდა უკრაინა რუსეთ ჩააბაროს. მჯერა, რომ ბატონი ვლადიმირი არ ოცნებობს უკრაინა უკან, რუსეთის იმპერიაში შეათრიოს. მაგრამ პუტინს აქვს ასეთი ოცნება. და თუ მან არ იცის როგორ აღუდეს ამას წინ, ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ყველა რისკები უკრაინის მომავლისთვის“.
• არცერთ მის მეგობარს არ ქონია და არ ექნება არანაირი კავშირი კორუფციასთან. “როგორც კი დასაბუთებული ეჭვი იქნება, ის ჩემი მეგობარი აღარ იქნება და ციხეში წავა.“
• ზელენსკი გოლობოროდკო არ არის (პერსონაჟი, რომლის როლსაც ზელენსკი ასრულებს სერიალში “ხალხის მსახური“). “თქვენ აქ არც ტროლეიბუსით მოსულხართ და არც ველოსიპედით.“
• “აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ბატონი ვლადიმირი ამბობს ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს.“
• მას არ რცხვენია საკუთარი პრეზიდენტობის.
• მეორე ტურში უკრაინელი ხალხის ნებისმიერ არჩევანს მიიღებს.
პირველი დებატები 15 წლის მანძილზე
ბოლო დებატები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 2004 წელს გაიმართა. მაშინ ტელესტუდიაში ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და ვიქტორ იუშჩენკო შეხვდნენ.
დებატების გამართვა მრავალათასიან სტადიონზე პოროშენკოს ზელენსკიმ შესთავაზა. თავის ვიდეომიმართვაში მან შეხვედრის ადგილი და დრო დათქვა და ოპონენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. პოროშენკო სტადიონზე მისვლას დათანხმდა, თუმცა მოითხოვდა დებატები ოლიმპიისკიზე 14 აპრილს გამართულიყო, 19 აპრილს კი კანდიდატები ერთმანეთს ტელესტუდიაში შეხვედროდნენ.
თუმცა 14 აპრილს ზელენსკი სტადიონზე არ მივიდა და პოროშენკო იძულებული გახდა მის პირობებს დათანხმებოდა, როგორც მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, “მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების გამო, რომლებსაც აქვთ უფლება ორივე კანდიდატს მოუსმინონ კენჭისყრის წინ.“
ოლიმპიისკი უკრაინაში უდიდესი სტადიონია. აქ 70 000 ადამიანი ეტევა.
დებატების ბილეთები ორად გაიყო შტაბებს შორის და ყოველმა შტაბმა ისინი დამოუკიდებლად გაავრცელა. თუმცა საბოლოოდ სტადიონი სავსე არ ყოფილა. უკრაინის შსს–ს ინფორმაციით დებატების დროს სტადიონზე დაახლოებით 22 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში კვირას, 21 აპრილს გაიმართება. პირველ ტურში, რომელიც 31 მარტს გაიმართა, ზელენსკიმ ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი 15.95%.