მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.  როგორც ცნობილია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა.  როგორც ირკვევა, ვახტანგ ბურძენიძე ზურაბ ფოფხაძის ბავშვობის მეგობარია. ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს.

მეზობლები ამბობენ, რომ ერთი წლის წინ, მას მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა და სწორედ მისი ძმის საფლავზე იმყოფებოდნენ ორ იანვარს ზურაბ ფოფხაძის ავტომობილით.

ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი ამბობს, რომ მეგობრის საფლავიდან გამოსულ ზურაბ ფოფხაძეს მის ავტომობილში ორი უცნობი პირი დახვდა, რომლებიც ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილის წაყვანას ცდილობდნენ.დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმა, მუხრან ჩხვირკიაც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, 26 წლის მურადი კი მიყენებული დაზიანებებით მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ძმა ვერ იხსენებს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, თუმცა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. ოჯახი სპეცრაზმელთან ერთად ვახტანგ ბურძენაძის დაკავებასაც ითხოვდა.ბრალდებულ სპეცრაზმელს კი წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.