არცერთი უკრაინელი მომღერალი არ იმღერებს 2019 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ისრაელში გაიმართება. ამ ინფორმაციას უკრაინის საზოგაოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“ნაციონალურ მაუწყებელს შეეძლო შეერჩია ნებისმიერი შემსრულებელი არა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებისგან, თუმცა ასეთ ალტერნატივაზე უარი ვთქვით, რადგან პატივისცემით ვეკიდებით მაყურებლის არჩევანს შესარჩევ კონკურსში“– ნათქვამია უკრაინული საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შესარჩევი კონკურსის ექვსი ფინალისტიდან ოთხმა სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. დანარჩენ ორს კი შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულმა, მომღერალმა Maruv (ანა კორსუნი) ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარი ორშაბათს განაცხადა. ინსტაგრამზე საკუთარი ფანებისთვის მიმართვაში მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იმ ხელშეკრულების კაბალური პუნქტების გამო მიიღო, რომელიც კონკურსში მონაწილეობისთვის ხელმოსაწერად შესავაზეს. მათ შორის არის პუნქტი, რომლითაც კონტრაქტის ხელმოწერის მომენტიდან ევროვიზიის კონკურსის შემდეგ სამი თვის განმავლობაში მომღერალს რუსეთში გასტროლების გამართვა ეკრძალება.
Maruv, ისევე როგორც ეროვნული შესარჩევი კონკურსის ბევრი მონაწილე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ რუსეთში გამოსვლებს არ წყვეტს. თავად მომღერალი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თავისი მუსიკით “მშვიდობა მოაქვს და ხალხების გაერთიანება უნდა“.
კონკურსის გამარჯვებული და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეთანხმდნენ, რა მისია ეკისრება სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე უკრაინის წარმომადგენელს.ტელეკომპანია თვლის, რომ მომღერალს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს , აქვს ვალდებულება უკრაინის კულტურული ელჩი იყოს და მსოფლიო საზოგადოებამდე არა მხოლოდ მისი სიმღერა, არამედ უკრაინული საზოგადოების გზავნილებიც მიიტანოს. თუმცა მომღერალი ამ ხედვას არ დაეთანხმა:
“ მე უკრაინის მოქალაქე ვარ, გადასახადებს ვიხდი და გულწრფელად მიყვარს უკრაინა. მაგრამ არ ვარ მზად გამოვიდე ლოზუნგებით და კონკურსში ჩემი მონაწილეობა ჩვენი პოლიტიკოსების პრომო აქციად ვაქციო. მე მუსიკოსი ვარ და არა იარაღი პოლიტიკურ ასპარეზზე“– განაცხადა მან.
პირველ ადგილზე გასული მომღერლის უარის შემდეგ კონკურსის ორგანიზატორებმა მისი შემცვლელის მოძებნა სხვა ფინალისტებს შორის სცადეს, თუმცა გუშინ ჯგუფებმა Kazka–მ Brunettes Shoot Blondes–მა, რომლებმაც ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მესამე და მეოთხე ადგილი დაიკავეს განაცხადეს, რომ კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მანამდე უარი განაცხადა მეორე ადგილის მფლობელმა ჯგუფმა Freedom Jaz.
ოთხშაბათს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავალა ცვლილებების შეტანა ევროვიზიის მონაწილეთა შერჩევის წესებში.
უკრაინის ვიცე პრემიერის, ვიაჩესლავ კირილენკოს განცხადებით წესები უნდა შეიცვალოს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია 2019 წლის შესარჩევი კონკურსისას.
უკრაინა ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული ორჯერ გახდა. 2004 წელს მომღერალმა რუსლანამ პირველი ადგილი დაიკავა. 2016 წელს კი კონკურსის ტრიუმფატორი მომღერალი ჯამალა გახდა. უკრაინამ ევროვიზიაზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი – 2007 წელს ვერკა სერდიუჩკამ და 2008 წელს ანა ლორაკმა. ევროვიზიის რიგით 64–ე კონკურსი მაისში თელ–ავივში გაიმართება.