,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი ძალა მზად არის გამორიცხოს ის 40%-ზე დაბალი მხარდაჭერით მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება და რადგან მმართველი გუნდი ამ პრინციპზე თანახმაა, შეთანხმებაც შედგება.
,,შემიძლია დაგიდასტუროთ, მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. ეს არის მთავარი პრინციპი, მთავარი საკითხი. უახლოეს მომავალში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, რადგან საერთო პრინციპზე ფაქტობრივად, ვთანხმდებით, შეთანხმებაც შედგება, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ცალკე აღებულ 110/40- ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40-პროცენტიან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას შეწყვეტს და დათანხმდება იმ საარჩევნო მოდელზე, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით მთავრობის დაკომპლექტებას გამორიცხავს.