პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი ,,განაყოფი” ოპოზიციის ტყვეობაში აყვანას ცდილობენ.
,,ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და ეს ჩანს მოლაპარაკებების პროცესში”, ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მთავრობის შეთავაზებებს და პირობებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველა რეალურად აფასებს, მმართველი გუნდი კი შეეცდება ცვლილებები მაქსიმალური კონსენსუსით გაიტანოს.
რამდენიმე დღის წინ,,ქართული ოცნება” ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს არ არის მათი მოთხოვნების შესრულება. მათი თქმით, მმართველმა ძალამ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა შესთავაზოს და ასევე, შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა. სხვა შემთხვევაში ისინი შეთანხმებას არ აპირებენ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა აირჩიოს მანდატების 100/50-ზე ან 110/40-ზე განაწილება, რადგან 40 მაჟორიტარულ ოლქზე ნაკლებად საქართველო ვერ დაიყოფა.