„ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ის რაც ყველამ მოისმინა კომიტეტის სხდომაზე, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. გოცირიძის ვარაუდით, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაზესთან ჰქონდა ბევრი მოთხოვნა, მათ შორის- პოლიტიკურიც.
„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, წარმოუდგენელი ძალადობა. მოვითხოვთ, გახარია გადადგეს თანამდებობიდან, მოვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს. ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით. დროზე მოეგოს ხელისუფლება გონს, შეწყვიტოს უსამართლო დევნა. ეს იყო გავლენიანი პირების ნეიტრალიზების კამპანია. დღევანდელი მოსმენის შემდეგ, ანაკლიის პროექტის განხორციელების შანსი არის ნული, რაზეც პასუხი უნდა აგონ“- აცხადებს რომან გოცირიძე.
{{VIDEO}}