„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას. ამის შესახებ  ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ  პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი განცხადებით, ქაღალდის პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება.

„ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს და საარჩევნო წელს გაყალბების ახალი მექანიზმების შემუშავება დაიწყო. იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე იმ მოქალაქეებზე შეიძლება გაიცეს, რომლებიც რწმენის გამო პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე უარს აცხადებენ. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს. ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ამ გადაწყვეტილებით თეა წულუკიანმა შევარდნაძის ეპოქაში დაგვაბრუნა, როდესაც ლამინირებული ქაღალდის მოწმობების დაბეჭვდით არჩევნები ყალბდებოდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. არსებობს კითხვები, რომლებზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს: რატომ ლამინირებული, ქაღალდის, დაუცველი მოწმობები? არაბიომეტრიული სურათებით, მაშინ, როცა შეიძლება უფრო მაღალი დაცულობის, ბიომეტრიულ პარამეტრებთან თავსებადი უჩიპო მოწმობების დაბეჭდვა;

როგორ მოხდება, ვინ მოახდენს აღმსარებლობის შესახებ ცნობის გაცემას? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ დაბრუნდეს ნდობა. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პრაქტიკა, რომ 2018 წლის არჩევნებში არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება ჯერ არც დაწყებულა’’, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. „2019 წლის მარტში ქალბატონმა წულუკიანმა თავად განაცხადა, რომ ქაღალდის პირადობებს მაღალი სანდოობა არ ჰქონდა, რადგან გაყალბება მარტივად შეიძლებოდა. რა მოხდა მარტის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ მოაწყო, შემდეგ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოატყუა და ასევე არაერთი მაკომპრომეტირებელი ცნობა გავრცელდა, რამაც ივანიშვილის ნდობა საზოგადოებაში შეამცირა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ყველა ფალსიფიკაციის მეთოდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას, ლამინირებული მოწმობების მაგივრად ბიომეტრიულ პარამეტრებთან ადაპტირებული „უჩიპო“ მოწმობები დამზადდეს და ამ პროცესში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩაერთონ. პარტიების წარმომადგენლებისთვის კი ხელმოწავდომი იყოს ის ბაზები, რომლებითაც საარჩევნო სიების ფორმირება ხდება და ამისთვის სიების გადამოწმების კომისია შეიქმნება, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროსაც არსებობდა. ხალხის ნდობა დაკარგულ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების მოპარვის საშუალებას არ მივცემთ’’, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.