,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია ხელისუფლების კრიტიკისგან თავს იკავებს, რადგან საზოგადოებას ერთიანობა და თანადგომა სჭირდება.
ვაშაძის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მედიკოსების რეკომენდაციები, რაც ეპიდემიის რუკაზე საქართველოს წარმატებულ ქვეყნად დარჩენის გარანტი იქნება.
„მინდა ჩემი მოკრძალებული ხმა შევუერთო ჩვენ გმირ ექიმებს, ჩვენ გმირ ექთნებს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ვთხოვო, რომ უპირობოდ, ზედმიწევნით დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე ისევ ისე წარმატებულ ქვეყნად დარჩება, როგორც ახლა ვართ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.
ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, იმიტომ რომ ახლა საზოგადოებას სჭირდება ერთიანობა, საზოგადოებას სჭირდება თანადგომა და მთლიანად სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის, თუ რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები, ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც ამ 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 11-ს პნევმონია აქვს, 2-ის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.