ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა პარტია ქართული ოცნებიდან უნდა დაიწყოს – ბესელია ღარიბაშვილს

“მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ყოველთვის თავისუფალი ვარ, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ. იმას ვამბობ რაც მწამს და მჯერა. ნამდვილად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გუშინ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავისუფალი. განცდა დამრჩა რომ ის იმ გზავნილებს ახმოვანებდა, რაც უნდა გაეხმოვანებინა. მისი განცხადებები ძალიან წინააღმდეგობრივი იყო.“ – ასე უპასუხა უმრალესობიდან წასულმა ეკა ბესელიამ ქართულ ოცნებაში დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ მე მას მინდა ვუთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა მან პირველ რიგში პარტია “ქართული ოცნებიდან” უნდა დაიწყოს, სადაც საკმაოდ დიდი დოზით არიან “ნაციონალური მოძრაობის” სულიერი მხარდამჭერები, ჯერ კიდევ ნოსტალგიაში მყოფი ადამიანები, ზონდერებიც და ის ადამიანები, ვისთანაც ჩვენ თანაცხოვრებას ვერაფრით ვერ მოვახერხებდით. სწორედ იმ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელება არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ ჩვენ უნდობლობა გამოვხატეთ. თუ წარსულის ძალადობრივ სისტემას ემიჯნები, მაშინ ამ ყველაფრის გაგრძელება არის სწორედ იმ ძალადობრივი სისტემის მთავარი შემსრულებლები, არა მხოლოდ პოლიტიკური პირები, არამედ ის მოსამართლეები, რომელთა ხელით არაერთი ჩვენი მოქალაქე იტანჯებოდა. ლოგიკა წყდება იქ, როდესაც ამბობ, რომ მე წარსულს და ძალადობრივ სისტემას ვემიჯნები, მაგრამ თუ დღეს ისინი ჩემთან არიან, მათ ყველაფერს პატიობ, რასაც წარსულში ჩადიოდნენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც იმ ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი იყო, მათ არ აპატია. ამიტომ, პერსონალური ინდულგენციებს ვერავინ ვერ გასცემს.“ – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმა. ამის მიუხედავად, გუშინ სატელევიზიო გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რჩება განცდა, თითქოს ეკა ბესელია მთლად თავისუფალი არ არის. ღარიბაშვილი თვლის, რომ ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის ბრმა იარაღი.
“არ ვიცი, მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ რომ შენ როცა აყენებ მოთხოვნას და გინდა რომ იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური.
არცერთი პარტია, არცერთი მთავრობა და არცერთი ხელისუფლება არ იქნება იდეალური თუ გაქვს შეკითხვა რაც ხდება პარტიაში უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.“ –განაცხადა ღარიბაშვილმა