“თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ” ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, დავა გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-ის საქმეზე გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მის მიერ ტელეკომპანიის შესახებ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ინტერპრეტაციები მოჰყვა. კობახიძე ამბობს რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელზე მან არაფერი იცოდა და ამის შესახებ ინფორმაცაი ტელევიზიით შეიტყო.
„როგორც ტელევიზიით გავიგე, სარჩელი შეტანილია ტელეკომპანიის წინააღმდეგ. როგორც ვიცი, ეს არის კერძო დავა, რომელიც წილებს უკავშირდება, დეტალურად არც მაქვს ინფორმაცია. აღნიშნული დავა, ბუნებრივია, გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.
განცხადებას რაც შეეხება, ეს იყო ჩემი გამოსვლა ტელევიზიაში, რასაც შემდეგ მოჰყვა ინტერპრეტაციები. ძალიან მარტივი რამე ითქვა, გადაწყვეტილება მიიღო ცხრა მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში და საბოლოო ჯამში, ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვის სტრასბურგიც. სტრასბურგი დაადასტურებს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელევიზიების ძალიან ფართო სპექტრი. ეს იყო ნათქვამი და ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი“, –განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.